მიმართვა მშობლებს

გამარჯობა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დედიკო და მამიკო, ბებია და ბაბუა, ბებო და პაპა, დაიკო და ძამიკო

თქვენს ოჯახში მატებაა, გილოცავთ!

ეჭვიც არ გვეპარება, რომ უამრავი კითხვა გაქვთ, თქვენი პატარას შესახებ ყველაფერი გაინტერესებთ. ასევე მოუთმენლად ელოდებიან თქვენი ნათესავები, მეგობრები თუ მეზობლები ინფორმაციას თქვენგან და ამწუთას პასუხი არ გაქვთ.

შევეცდებით ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ, რას და როგორ ვაკეთებდით, როცა ჩვენი შვილები დაიბადნენ.

ჩვენ, მშობლებს, განსხვავებული ემოცია, რეაქცია და ქცევა გვქონდა, როცა გავიგეთ, რომ ჩვენი შვილი დაუნის სინდრომით დაიბადა. ვიღაცისთვის ეს შოკი იყო, ვიღაცას არ სჯეროდა, ვიღაც კითხვას სვამდა – რატომ? ან მე რატომ? არც ფაქტის უარყოფა, რისხვა, თავმოყვარეობის შელახვისა და დანაშაულის შეგრძნება იყო ჩვენთვის უცხო. ეს ბუნებრივი რეაქციაა, ამისი არ შეგეშინდეთ!

ძალიან მალე შეგვეცვალა ეს განწყობა, როცა ჩვენი შვილების აღზრდა და გაზრდა დავიწყეთ. მათი თითოეული წარმატება, სულ მცირედიც კი, ისეთ სიხარულს გვანიჭებდა და გვანიჭებს, რასაც ამქვეყნად ვერანაირი სხვა სიხარული ვერ შეედრება. იცით, როგორ გვიმაღლებდა განწყობას ჩვენი შვილების გაღიმება, ახალი სათამაშოს ხელში დაჭერა, პირველი ბგერების გამოცემა…

თითოეული მათგანი ისეთი ინდივიდუალურია… თითოეულ მათგანს განვითარებისთვის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი და შესაბამისი ტემპი, დრო და გარემო სჭირდება…თითოეული მათგანი პიროვნებაა!

არ შეგეშინდეთ, თუ სირთულეებს გადააწყდებით. ჩვენი შვილები ისეთივე ბავშვები არიან, როგორც სხვები: იღიმიან, ტირიან, სწყინთ, უხარიათ, გვიბრაზდებიან, გვეფერებიან, ჯიუტობენ, ცუდად იქცევიან, სიყვარულს გასცემენ…

თუ ოჯახში სხვა ბავშვებიც არიან, თანაბრად გაანაწილეთ დრო ყველასთვის. გადამეტებული ყურადღება დაუნის სინდრომის მქონე ახალშობილს არ სჭირდება. სხვაა, თუ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე არაა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება თვალშისაცემი არ იყოს.

ოჯახის წევრები ერთნაირად ჩაერთეთ პატარას მოვლაში. რაც შეიძლება მალე გაიყვანეთ ჩვილი გარეთ. არავის უთხრათ უარი, თუ დახმარების შემოთავაზებას მიიღებთ.

იფიქრეთ იმაზე, რომ დაუნის სინდრომი თქვენი შვილის უზარმაზარი გენეტიკური მოცემულობის მხოლოდ პატარა ნაწილია. ის თქვენი გარემოცვისა და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს დაბადებისთანავე და ის ძალიან კარგად განვითარდება.

გიხაროდეთ თქვენი შვილის მშობლობა, იყავით გახსნილები და ღია ნებისმიერი სიახლისთვის, დაელაპარაკეთ სხვა მშობლებს, დაგვიკავშირდით ჩვენ, გააგრძელეთ ცხოვრება ჩვეულ რიტმში, იყავით აქტიურები და ეცადეთ, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთოთ.

წარმატებებს გისურვებთ!

 

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია