სამედიცინო მხარდაჭერა

დაუნის სინდრომის მქონე პირებს ზოგიერთი დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ასეევე  მაღალია თანდაყოლილი რომელიმე პათოლოგის ალბათობაც, ამიტომ ისინი დაბადებიდან მუდმივად საჭიროებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და შესაბამისად სამედიცინო მხარდაჭერას.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო ხარჯების დაფარვას/ანაზღაურებას,  მაგრამ მიუხედავად ამისა, დაფინანსების მიღმა მაინც რჩება რიგი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევებისა, რომლებიც დაუნის სინდრომის მქონე პირებს და განსაკუთრებით ბავშვებს ესაჭიროებათ და აუცილებლად უნდა უტარდებოდეთ სამედიცინო მეთვალყურეობის პროტოკოლის მიხედვით. აღნიშნული კვლევებისათვის თანხის გაღება ოჯახებს უწევთ, რისი ფინანსური რესურსიც მეტწილად არ არსებობს.

სწორედ  ამიტომ, 2016 წელს, მრავალპროფილურმა, საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულმა კლინიკა “მედიქალ ჰაუსმა”, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და ამერიკული სტანდარტებით მუშაობს,  გამოავლინა კეთილი ნება და მიიღო გადაწყვეტილება, უსასყიდლოდ მომსახურებოდა დს მქონე ბავშვებს 18 წლამდე. მისი ხელმძღვანელი ბავშვთა ქირურგი მალხაზ კარტოზია გახლავთ. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კლინიკა ემსახურება და აწვდის ბენეფიციარებს ყველა იმ სერვისს, რისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც გააჩნია. დაახლოებით 2 წლის განმავლობაში კლინიკა ესოდენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უსასყიდლოდ ახორციელებდა, ხოლო 2018 წლიდან აგრძელებს თანამშრომლობას და სთავაზობს დს მქონე ბავშვებსა და მოზარდებს (18 წლამდე) ყველა  მომსახურებას სოლიდური ფასდაკლებით – ყველას, ვინც დაწესებულებას თვითდაფინანსებით მიმართავს, არ სარგებლობს კერძო დაზღვევით ან სურს “მედიქალ-ჰაუსში” მიიღოს სამედიცინო მომსახურება დაზღვევით სარგებლობის გარეშე. აღნიშნული მხარდაჭერა მისაბაძი და აღსანიშნავია, ამით კლინიკა ერთვება სოციალური პასუხისმგებლობის საქმანობაში.

მომსახურება ხორციელდება ასოციაციის მიერ გაცემული ვადიანი მიმართვის საფუძველზე. მიმართვის ფურცელი გაიცემა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ, სადაც მითითებულია ჩასატარებელი გამოკვლევების ჩამონათვალი. ამისათვის  მშობელი უკავშირდება ასოციაციას, უგზავნის ბავშვისა და მშობლის მონაცემებს, ასევე ჩასატარებელი სამედიცინო ღონისძიებების ჩამონათვალს, წინასწარ ეწერება კლინიკაში და ასოციაციის გაცემულ მიმართვას კლინიკაში წარადგენს ბავშვის დაბადების მოწმობასთან ერთად.

 

ფასდაკლება შეადგენს 30%-ს. რიგ ლაბორატორიულ კვლევებზე 10%-ს. ფასდაკლება ამ ეტაპზე მხოლოდ 18 წლამდე ვრცელდება.

გთხოვთ იხილოთ კლინიკის ვებგვერდი, სადაც ნახავთ ექიმების ჩამონათვალს სპეციალობის მიხედვით და ასევე სხვა მომსახურებებს. კლინიკაში ბავშვთა მიმართულებით მუშაობენ ისეთი ექიმები, როგორებიც არიან: პედიატრი ინგა მამუჩაშვილი, ყარამან ფაღავა, რამაზ ღულაძე, ბავშვთა ნევროლოგი თამარ სამხარაძე, ბავშვთა გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე და ა.შ. http://www.medicalhouse.ge/site/index ,

მიმართვის მისაღებად უნდა მოგვწეროთ შეტყობინება და/ან დაგვიკავშირდეთ 599257030.

მიმართვის გასაცემად საჭიროა შემდეგი ინფორმაცია:

  • ბავშვის დაბადების თარიღი
  • მისამართი
  • დაბადების მოწმობის ნომერი
  • მშობლის სახელი და გვარი
  • საკონტაქტო ტელეფონი
  • კვლევების ჩამონათვალი

გისურვებთ ჯანმრთელობას!